პროფესიული პროგრამის „თბილისის გიდი“ მიზანია მსმენელთა გადამზადება გიდის საქმიანობისთვის, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პრაქტიკულ სწავლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებით. პროგრამის საჭიროებას განაპირობებს ტურიზმის მზარდი მნიშვნელობა, თბილისში ტურისტული რესურსების მრავალფეროვნება და ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საჭიროება. პროგრამა მოიცავს თბილისზე ორიენტირებულ თეორიულ და პრაქტიკულ/საველე სწავლებას და ხელს უწყობს მსმენელთა პროფესიული უნარების განვითარებას ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორენოვანი სერტიფიკატი, დანართით.
პროგრამაში ისწავლება:
• გიდის პროფესიული საქმიანობის განხორციელება ეთიკის, პროფესიული სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
• თბილისის ისტორიის ინტერპრეტაციული გადმოცემა ტურისტებისთვის გასაგები და საინტერესო ფორმით;
• კულტურული მემკვიდრეობისა და არქიტექტურული ობიექტების იდენტიფიცირება და პროფესიული ინტერპრეტაცია;
• ეთნოგრაფიული თავისებურებებისა და კულტურული მემკვიდრეობის პროფესიული ინტერპრეტაცია;
• ქართული გასტრონომიისა და მეღვინეობის ტურისტული რესურსების გამოყენება და ინტერპრეტაცია;
• თბილისის ტურისტული რესურსების გამოყენება ტურისტული მარშრუტებისა და მომსახურების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
• ტურისტული პროდუქტის შექმნა და მისი მარკეტინგის განხორციელება;
• დამოუკიდებელი პროფესიული ტურის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. სწავლება მოიცავს მეცადინეობას: უნივერსიტეტის A -აუდიტორიაში და C - სიმულაციურ გარემოში და საველე გასვლებს ქალაქში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
განთლება: საშუალო;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
• პროფესიული გამოცდილება/განათლება: ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, კულტურის ან მომიჯნავე სფეროში არანაკლებ 6 თვის სამუშაო/პრაქტიკული გამოცდილება ან შესაბამისი პროფესიული/უმაღლესი განათლება სტუმარმასპინძლობის, ტურიზმის, გიდობის ან მომიჯნავე მიმართულებით ან მინიმუმ 1-ელი კურსის სტუდენტი.
• ქართული ენის ფლობა: ქართული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
• ციფრული კომპეტენციები: კომპიუტერის/სმარტფონის, ინტერნეტის, საძიებო სისტემების, რუკებისა და ციფრული საკომუნიკაციო საშუალებების საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი;
• აქტიური საველე სწავლებისა და პრაქტიკული საქმიანობისთვის მზაობა, ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის, ტურისტულ ობიექტებზე მუშაობისა და ტურისტული ჯგუფის წინაშე პრეზენტაციის/ტურის ჩატარებისთვის.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია;
• დოკუმენტაციის გადარჩევა;
• გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 16 ნოემბერი ;
სწავლების ვადა: 2 თვე, 8 კვირა, კვირაში 2 დღე; სულ: 128 სთ.
დასაქმების სფერო: პროგრამის „თბილისის გიდი“ კურსდამთავრებულს დასაქმების შესაძლებლობა ექნება ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურისტულ სააგენტოებსა და ტუროპერატორებთან, DMC კომპანიებში, სასტუმროებში, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, მუზეუმებსა და კულტურულ ობიექტებში. ასევე, კურსდამთავრებულს შეუძლია საქმიანობა განახორციელოს ღვინის ტურიზმისა და გასტრონომიული ტურების მიმართულებით, შემომყვანი და ბიზნეს-ტურიზმის მომსახურებაში, ღონისძიებების ტურისტული მომსახურების სფეროში და კერძო გიდის მომსახურების სახით. პროგრამა ასევე ქმნის თვითდასაქმებისა და მიკრომეწარმეობის შესაძლებლობას.